გიორგი გახარია - პრემიერ-მინისტრის როლიდან გამოვედი და უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით
პრემიერ-მინისტრის როლიდან გამოვედი და უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული, უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსია ამ ყველაფერში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კითხვაზე, გამოვიდა თუ არა პრემიერ-მინისტრის როლიდან, გიორგი გახარიამ აღნიშნა: „გამოვედი ამ როლიდან და მინდა, გითხრათ, რომ უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული, უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსია ამ ყველაფერში. თუმცა ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად. რაც ხან გამოგვდიოდა, ხან – არა“.
მისივე თქმით, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს, მაშინ, როდესაც ის კარგად არის გააზრებული.
„რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებზე. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის. მაშინ ის ბოდიში იყო აბსულუტურად გააზრებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ. დარწმუნებული ვარ, ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი“, – განაცხადა გახარიამ.