გიორგი გახარია - პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ეკითხება და არც „ნაციონალური მოძრაობის“
დღეს არც „ქართულ ოცნებას“ არ უჭირავს ქართველი ამომრჩევლის გულთან გასაღები და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლექსიკა, ძალიან ემსგავსება ერთმანეთს, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ერთი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აგერო ვნახავო, გახარია რას იტყვი ივანიშვილზეო და მერე საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე, ან არაო. დღეს გამოსულა კიდევ „ოცნების“ თავმჯდომარე და იმას უთქვამს, რომ გახარიამ ახსნას მიშა სააკაშვილის რაღაცაო. აი, როგორ იტყვისო და მერე ჩვენ ვაკვირდებით და დასკვნას გავაკეთებთო. აი, საერთოდ არ მაინტერესებს. არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს. საერთოდ, პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორეს თავმჯდომარეს. ჩემთვის უაღრესად სამწუხაროდ, ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. აი, ეს ორი ლექსიკა, ძალიან ემსგავსება ერთმანეთს, უაღრესად. ისევე, როგორც მაგალითად – დღეს უთქვამთ, შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ და აქედან გავაკეთოთო დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.