გიორგი გახარია - პოლიტიკოსები მოედნიდან გაქრნენ, გაიქცნენ და ერთმანეთს შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები
გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, გუშინ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე იყო.
„პირველ რიგში, გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის, თბილისისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ, ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია, არ მომხდარა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, იყო ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე.
„მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, იმ დონეზე, რომ პოლიცია მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე, იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რა თქმა უნდა, არალეტალური.
ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს და ყველასთვის გავხდით საჯაროს, როგორ ვითარდებოდა წუთების მიხედვით, წამების მიხედვით რუსთაველზე მოვლენები.
უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ. ამ ადამიანებმა, პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ, ალალ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან. არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. თავიანთი პროვოკაციების შემდგომ ყველა გაიქცა და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.