გიორგი გახარია - საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერავინ ვერასდროს შეზღუდავს
გიორგი გახარია - საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერავინ ვერასდროს შეზღუდავს

არის გარკვეული მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვერავინ ვერასდროს შეზღუდავს პოლიციის კანონიერ ქმედებას საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ვერც ერთ ტერიტორიაზე.

„არის გარკვეული მცდელობები, რომ შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, არ ვიცი, კლუბები და სხვადასხვა სახის ცნებები. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვერავინ ვერასდროს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერასდროს ვერ შეიზღუდება და ვერსად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, საზღვარი, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ქმედებებს.

„ასევე ხაზგასმით მინდა, ყურადღება გავამახვილო და თითოეულ თქვენგანს, თითეულ მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს. რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ერთი რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესი, ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ იტნერესზე უფრო მაღლა. ეს არის და ეს. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.