გიორგი გახარია ოპოზიციას - მეგობრებო, უნდა შეეგუოთ, რომ არჩევნებში დამარცხებული ხართ, დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“, შესაბამისად, არ გადააყოლოთ დამარცხებას თქვენი მომავალი
გიორგი გახარია ოპოზიციას - მეგობრებო, უნდა შეეგუოთ, რომ არჩევნებში დამარცხებული ხართ, დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“, შესაბამისად, არ გადააყოლოთ დამარცხებას თქვენი მომავალი

მეგობრებო, უნდა შეეგუოთ, რომ არჩევნებში დამარცხებული ხართ, დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“, შესაბამისად, არ გადააყოლოთ დამარცხებას თქვენი მომავალი, – აე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

მისი თქმით, ამომრჩეველი კარგად ხედავს, თუ რა მოტივი ამოძრავებს რეალურად ოპოზიციას.

„პოლიციელები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ იდგნენ და ჩვენს მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ, ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეპიდემიის გავრცელება მაქსიმალურად შეგვემცირებინა, ეს პოლიციელები დღეს, იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, არიან ამორალური დარტყმების ქვეშ. შეუძლებელია, ამომრჩეველმა არ დაინახოს ამის რეალური მოტივი რა არის. ეს ის პოლიციაა, ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ. ხალხი ამას კარგად ხვდება. დღეს, მაგალითად, მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ ის დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ოპოზიციის ინტერესი კი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი და ზოგიერთი ტელევიზია ამ პროცესს ხელსაც უშლის, რადგან არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს. ზუსტად იგივეა ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, „მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხედავს“.

„როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების ზრდას, ან ადამიანები, რომლებიც ხან ტესტების რაოდენობას იყენებენ საკრიტიკოდ და ხან საერთოდ, გაუგებარ რაღაცებს. მესმის მეგობრებო, რომ სულ 3-4 დღეში იქნება არჩევნები, უნდა შეეგუოთ, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულები ხართ, დამაჯერებლად იმარჯვებს „ქართული ოცნება“, შესაბამისად, არ გადააყოლოთ ამ არჩევნებში დამარცხებას თქვენი მომავალი, რადგან იცოდეთ, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხედავს და მას საბოლოოდ, შეფასება ექნება უკიდურესაც მკაცრი“, – განაცხადა გახარიამ.