გიორგი გახარია - პოლიციამ ყველაფერი გააკეთა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, იმის მიუხედავად ბარიკადების რომელ მხარეს იდგნენ ეს მოქალაქეები
12 მაისისა და შემდგომი დღეების ძირითადი მიღწევა ის გახლავთ, რომ აშკარაა, პოლიციამ შეძლო თავისი ძირითადი ფუნქციის, მართლწესრიგის დაცვა და მან ამის გაკეთება შეძლო ისე, რომ მოქალაქეებში ნდობა დაიმსახურა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„პოლიცია გამოჩნდა, როგორც მოქალაქეზე მზრუნველი უწყება, რომელმაც მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დაეცვა, იმის მიუხედავად ბარიკადების რომელ მხარეს იდგა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს, საუბარი დავიწყოთ პოლიციაში უკვე დაწყებულ სისტემურ განახლებაზე. ვფიქრობ, ეს არის მიღწევა თითოეული მოქალაქის, განურჩევლად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხუთი საათის განმავლობაში ოპონენტებისგან ძლიერი არგუმენტები ვერ მოისმინა. გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციები აბსოლუტურად მყარია.