გიორგი გახარია - პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას
პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს სისტემური განახლების მთავარი მიზანია, პოლიცია გახდეს უფრო ეფექტური და უფრო კეთილსინდისიერი.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო დეპუტატებს, ჩვენთვის პატივია და ძალიან სასარგებლო, წარვდგეთ თქვენ წინაშე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს და ვუთხრა, რომ თმენის ვალდებულება არის საფუძველი ჩვენი მოვალეობის შესრულების.
კეთილსინდისიერება და ეფექტურობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ნდობის ის მაღალი ხარისხი, რომლის გარეშეც კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა იქნება შეუძლებელი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალთან და ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე არის ჩვენი ძირითადი მიზანი.
თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ დღეებში იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებებში, პირადად მინდა გადავუხადო მადლობა და გითხრათ, რომ ჩვენ ერთად, მოქალაქეებთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად, რომელიც იდგა რუსთაველზე, მივეცით საზოგადოებას შანსი, რომ გაჩნდეს ამ ქვეყანაში ახალი პოლიცია, რომელიც დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება ზრუნვა მოქალაქეზე.
პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას და ჩვენი მისია, ჩვენი სისტემური განახლების მთავარი მიზანი გახლავთ ის რომ, პოლიცია გახდეს უფრო ეფექტური და უფრო კეთილსინდისიერი. მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.