გიორგი გახარია - პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარია, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლებისთვის 300 ლარი
პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ – 300 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, რითაც, ერთხელ და სამუდამოდ, ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი.
„ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ, ყველამ, პარლამენტთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების სახით მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, პირველი ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს.
„ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.