გიორგი გახარია - პირველი გერმანული დასახლება საქართველოში 1827 წლიდან იყო, სწორედ 200-წლიან იუბილეს ეძღვნება ასურეთში ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტირების იდეა
ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია, იყოს დავიწყებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერმა ასურეთში, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, გერმანული დასახლება დაათვალიერა, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
მისი თქმით, პირველი გერმანული დასახლება საქართველოში ისტორიულად 1827 წლიდან იყო, უკვე 200-ზე მეტი წელი გავიდა და სწორედ ამ 200-წლიან იუბილეს ეძღვნება ასურეთში ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტირების იდეა.
„ჩვენი აქ ყოფნა არის სიმბოლური. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც უნდა განავითაროს შიდა ტურიზმი. ჩვენ, ხელახლა ყველამ ერთად უნდა აღმოვაჩნოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. სიმბოლურობა რაში მდგომარეობს, ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის საქართველოში პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში როგორც ჩანს, ისტორიულად იყო 1827 წლიდან, უკვე 200-ზე მეტი წელი გავიდა და სწორედ ამას ეძღვნებოდა, ამ 200-წლიან იუბილეს ეძღვნებოდა იდეა ამ ქუჩის რეაბილიტირების. აქ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, რადგან ამ ხალხს, საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდათ.
მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს და ეს იყო საკმაოდ მძიმე. თუმცა, თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ჩვენ აქ ყველანი ვხედავთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას. ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ადგილი, რომელიც შესაძლებელია, იყოს დავიწყებული. ჩვენი ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა, როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩვენი უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი, მოვუყვეთ ჩვენს ქვეყანასა და სამშობლოზე“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
„შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.
პროექტის მიზანია, ასურეთის ისტორიულ დასახლებაში, შენარჩუნდეს გერმანული კოლონიებისთვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.