საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით,
9 ოქტომბერს გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.
ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი, განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.