გიორგი გახარია - პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატება რომ გავიმეოროთ, საჭიროა, ერთად იმუშაოს სამმა კომპონენტმა - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა
ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით რვა თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს.
„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ, უპირველესად, უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა, რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, ამისთვის საჭიროა, ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად – მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, რადგან ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს, ბევრად სწრაფი ტემპით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაიმე შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს. ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეფექტიანი მართვის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.