გიორგი გახარია - პირადად მე სამსახურში როცა მოვდიოდი, ხუთი, ექვსი, შვიდი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი და საშვი ჰქონდა ყველას
პირადად მე, ქალაქში სამსახურში რომ მოვდიოდი, ხუთი, ექვსი, შვიდი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას სამანქანო საშვებთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უამრავი დაწესებულება და სერვისია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება.
„როცა არის მსუბუქი ავტომანქანებით შეზღუდვა გადაადგილების, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, მიგაჩნია, რომ ეს არასამართლიანია, მესმის. მეც ასე მიმაჩნია, მაგრამ სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვგონია. მეორე მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერებაც უბრალოდ არ შეიძლება – სასურსათო მაღაზიების გამყიდვლებიდან დაწყებული სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ, მაგალითად დაემატა ასობით მანქანა საინსაკაციო, რათა პენსიები დარიგდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, შეუძლებელი იყო, რომ აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის არ მიეცათ საშვები, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ.
„ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, არის ისე, რომ სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარდეს, ან ის სურათები, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. თუმცა, ის სურათი, რომელიც მაგალითად, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა. მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა. პირადად მე, ქალაქში სამსახურში რომ მოვდიოდი, ხუთი-ექვსი-შვიდი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი და ყველას საშვი ჰქონდა. დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურეობა, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სპეციალურად ამოიღო საშვების ჩამონათვალი და ყველა მეტი, ათასობით საშვი აქვს მედიას.
„ზოგიერთმა უპასუხისმგებლო, ვითომ, მედია და სინამდვილეში პოლიტიკოსმა, მერე ეს გამოიყენა ლაივების დასადებად, რომ იქ ადამიანებს აღიზიანებდნენ. მესმის, რომ იდეალური არაფერია და აქ შეცდომები იყო. პირადად მეც ეს სამართლიანი გაღიზიანების გრძნობა მქონდა, მაგრამ შეუძლებელია, ორ-სამ დღეში ეფექტურად, იდეალურად მომუშავე ინსტრუმენტის გაკეთება. ამიტომ, აქ ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ. იქ, სადაც ამის აუცილებლობაა, ვაღიარებ და ვიტყვი – კი, აქ შეიძლებოდა ამის უკეთესად გაკეთება, მაგრამ ეს ხომ არ იყო ძირითადი ამოცანა? – ძირითად მიზანი და ამოცანა იყო მობილობის მკვეთრად შემცირება. ჩვენი ახირება არ იყო, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა გაგვეგრძელებინა კიდევ ერთი კვირით. ეპიდემიოლოგებთან და ექიმებთან ერთად დიდი დისკუსია გვქონდა. აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, ადამიანების შეკრების ის ხარისხი, რომელიც გვქონდა, არის უბრალოდ რისკის შემცველი. ჩვენ ერთი კვირა მობილობის შენარჩუნების იყო აუცილებელი, რათა ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკი შეგვემცირებინა. ბზობის და აღდგომის შემდეგ ეს აფეთქება რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ეს ელემენტარულია. ვიღაც შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ეს უნდა გექნათ, ის უნდა გაგეკეთებინათ, ასე ბევრის საუბარი შეიძლება. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ობიექტური, გონივრული და არა პოპულისტური, ჭორაობის დონეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.