გიორგი გახარია - პენსიის ზრდა ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული, ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი აღარ დასჭირდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.
გახარიას თქმით, პენსიების ზრდა ყოველწლიურად კანონმდბელობით არის გამყარებული და მოქალაქეები პენსიის ზრდას არჩევებიდან არჩევნებამდე აღარ დაელოდებიან.
„მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიას განმარტებით, ბიუჯეტში განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის.
„ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ,“- განაცხადა პრემიერმა.