გიორგი გახარია - პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზეც, რომ როდესაც 51-ე სკოლაში 25 ბავშვი შეიკრიბა, ერთი ნორმალური ადამიანი არ გამოდგა, რათა თვალყური მიედევნებინა
პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზეც, რაც სერგო რატიანმა ბრძანა, რომ როდესაც 51-ე სკოლაში 25 ბავშვი შეიკრიბა და ისე იმოძრავა, რომ ერთი ნორმალური ადამიანი არ გამოდგა, რათა თვალყური მიედევნებინა და ამ ტრაგედიამდე არ მივსულიყავით, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს სერგო რატიანს, რომელმაც ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჰკითხა.
შს მინისტრის თქმით, პასუხისმგებლობას გრძნობს ყველაფერზე, რაც მისი პასუხისმგებლობის ზონაში იყო და მის პერიოდში მოხდა.
„ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ჩემი პასუხისმგებლობის ზონაში იყო და ჩემს პერიოდში მოხდა. პირდაპირ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამაზე. მათ შორის იმაზეც, რაც სერგო რატიანმა ბრძანა, როდესაც 51-ე სკოლაში 25 ბავშვი შეიკრიბა და ისე იმოძრავა, რომ ერთი ნორმალური ადამიანი არ გამოდგა, რათა თვალყური მიედევნებინა და ამ ტრაგედიამდე არ მივსულიყავით. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იმ პოლიტიკური სპეკულირების მაგივრად, დავჯექით და თქვენთან ერთად სხვათა შორის, მანდატურების შესახებ ასე თუ ისე, ნორმალური კანონი დავწერეთ, შევქმენით და კიდევ ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც სისტემურად ცვლის მიდგომას ახალგაზრდებთან, გამოძიებასთან, გამოძიების ხარისხთან და კიდევ ბევრ რაღაცასთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.