გიორგი გახარია - პასუხისმგებლობა და წასვლა პრობლემა არ არის, ეს ყველაზე მარტივია
პასუხისმგებლობა და წასვლა საერთოდ პრობლემა არ არის, ეს ყველაზე მარტივია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველა ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული.
„მინდა, რამდენიმე ფაქტორს გავუსვა ხაზი. მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს მოხდა თბილისში. ეს აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად 10 საათამდე. პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე, თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში, მაგრამ მას შემდგომ, რაც ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული შტურმები განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფების პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტულად პარლამენტზე, პოლიცია ვალდებული იყო, ემოქმედა. არ შეიძლება, ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი დავადანაშაულოთ, მათ კანონი არ დაურღვევიათ. ყველა ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული და შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია, პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, პარლამენტი, დაიცვა სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში, ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა, რასაც შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოყვებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.