გიორგი გახარია - პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი გადავდგით
პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი გადავდგით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბათუმში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ოფისის გახსნის გარდა, დღესვე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების პირველი სხდომა გაიმართა.
„თბილისის შემდგომ პირველ რეგიონულ ოფისს ბათუმში ვხსნით. ეს არ არის შემთხვევითი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატება განისაზღვრება თბილისის, ბათუმისა და სხვა ქალაქების წარმატებით, ამიტომ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ეს ნაბიჯი. დღესვე გაიმართა პოლიტსაბჭოს წევრების პირველი სხდომა. განვიხილეთ ის პრინციპული მიმართულებები, რომლებიც უკვე ავსახეთ ჩვენს პროგრამაში. პროგრამა მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას, რაც მთავარია უსაფრთხოებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის ქვეყნის დეოკუპაცია და დებორდერიზაცია. ყველა მიმართულებით გვაქვს გაკეთებული პლატფორმები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობს სხვადასხვა ექსპერტი. ეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩათვალეთ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგით პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით. მინდა, წარმატებები ვუსურვო იმ ახალგაზრდებს, ვინც ჩვენთან იმუშავებს. ბათუმის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ირაკლი თავდგირიძე, აჭარას კი, ირაკლი მიქელაძე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტიამ „საქართველოსთვის“ დღეს აჭარაში რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა.