გიორგი გახარია - პარტიიდან ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის, არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, თუ რა არჩევანს გააკეთებენ მოქალაქეები არჩევნების დღეს
მე ასეთ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ვიღაც მიდის, ვიღაც შეიძლება, მოდის; ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს აღქმებსა და განწყობებს; იმას, თუ რა არჩევანს გააკეთებენ ჩვენი მოქალაქეები არჩევნების დღეს, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, „ქართული ოცნების“ რიგებიდან რამდენიმე ადამიანის წასვლა მიუთითებს თუ არა პარტიის დაშლაზე.
გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.
„ახლა მთავარია, მაქსიმალურად შეგვეძლოს საარჩევნო კამპანიის ჩატარება და მოქალაქის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა იმაზე, ვინ ვის რა პროცენტს დაუწერს ან ვინ შეაფასებს, რომ ვიღაც არის ერთადერთი ძალა.
ქართველებმა უნდა გავიგოთ, რომ ვინმეს გამარჯვება, მაგალითად ჩვენი გამარჯვება, ვინმეს საბოლოო განადგურებას არ ნიშნავს. კარგი რაც არის, უნდა წამოვიღოთ და ყოველ ჯერზე ქვეყნის შენების ნულიდან დაწყება არის დამღუპველი. უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთის ლანძღვას, ეს უნდა დავასრულოთ.
იქ, სადაც იქნება მოწოდებები ძალადობისკენ; იქ, სადაც რადიკალიზმის ხარისხი იქნება უმაღლეს დონეზე, ჩვენთვის ეს იქნება მიუღებელი. ეს კამპანია, რომელიც ახლა დაიწყება, იქნება ერთ-ერთ ყველაზე ბინძური, ტყუილებზე დაფუძნებული, ეს იქნება კამპანია, როდესაც ეცდებიან, რიგითი მოქალაქე შეაშინონ და რაღაც ტყუილები დააჯერონ. ჩვენ ღირსეულად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მიხვდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი უნდა იყოს ჩვენი ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა გახარიამ.