გიორგი გახარია - პარტიას ავაშენებთ, თან არჩევნებშიც ვმონაწილეობთ, ღირსეულად მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყნის იქნება
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს. გახარიამ დღეს ქედასა და ხელვაჩაურში პარტიის ახალი ოფისები გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ, ჩვენ თან პარტიას ავაშენებთ, თან არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა, ქაოსი უნდა დამთავრდეს, სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ადამიანი უნდა გრძნობდეს, სახელმწიფოს დგომას ზურგს უკან. წყანარად, მშვიდად, კეთილსინდისიერად თუ იშრომებს, გლეხი კაცი ღირსეულად არჩენს თავის ოჯახს, ეგ არის და ეგ. შესაძლებელია ეს? შესაძლებელია და საკმაოდ სწრაფად. ხელი დაეტყობა აქაურობას, პატრონი გამოუჩნდება და რაც მთავარია, ძლიერი სახელმწიფოსთვის გადადგმული იქნება კონკრეტული ნაბიჯები“, – მიმართა გახარიამ მოსახლეობას.
„თქვენ შეიძლება, ძალიან სწორი და სამართლიანი კითხვა გქონდეთ, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო. ასევე პირდაპირ სამართლიანად და ღიად გეუბნებით, რომ რისი გაკეთებაც იმ მომენტამდე შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად ვაკეთებდი და ის, რაც ვერ გავაკეთე და რაც შეგვეშალა, იმის პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ ახლა აქ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული. რაღაცას რომ ასრულებ, ეს ყოველთვის ახლის დასაწყისია, მინდა, ყველას გვჯეროდეს, რომ ერთად, ღირსეულად მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყნის იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცლებს.