გიორგი გახარია - დეპუტატის ადგილი პარლამენტშია, ვისაც არ ესმის ეს პასუხისმგებლობა, სხვას ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს
დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მანდატების გარდა, დიალოგის საგანი არის უამრავი. საქართველოს მოქალაქეებს დღეს აქვთ კონკრეტული, ყოველდღიური პრობლემები. მათ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო უჭირთ ოჯახების რჩენა, ელემენტარულად, მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი, პანდემიიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმების მოთხოვნაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქემ, თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში.
„პარლამენტში არის არჩეული დეპუტატის ადგილი, რომელსაც ეს მანდატი საქართველოს მოქალაქემ განუსაზღვრა და თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, ბატონებო. იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომელიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა და ვიღაცას არ ესმის. ვისაც ესმის, ის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ეს ესმის. ჩემი საბოლოო პასუხი გახლავთ ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნაზე“, – განაცახადა გახარიამ.