გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება. გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლის ზუსტი თარიღი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
მმართველ გუნდს ძირითადი კითხვები გასული წლის საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით ექნება. უმრავლესობას ასევე კითხვები აქვს მიმდინარე პროცესებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
„იცით, რომ ეს არის ბოლო სასესიო კვირა საგაზაფხულო სესიის პერიოდში და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს თავის ანგარიშს. კონკრეტული დღე დადგინდება კონსულტაციების საფუძველზე პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პრემიერ-მინისტრს შორის. პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, კითხვები გვექნება გასულ საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში. მან წარმოადგინა ერთი – ის პერიოდი, როდესაც „კოვიდ-19“-ისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას მართავდა მთავრობა, ასევე იყო ინტერპელაციის წესით წარმოდგენილი. საკმაოდ ამომწურავი პასუხები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, თუმცა ივნისში უკვე გვექნება ყოველწლიური საანგარიშო პერიოდი და მომავალ ხედვებთან, არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებთან, რაც არის დაკავშირებული აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობასთან. ბუნებრივია ამ მოცემულობაში იქნება კითხვები და ეს ფორმატი იქნება პირველი მოსმენის წესით, რეგლამენტის შესაბამისად ჩატარებული საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს არ დაესწრება. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებენ, კონკრეტულად კი გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს დაესწრებიან და კითხვებს, ძირითადად, კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით დაუსვამენ.