გიორგი გახარია - პანკისის ხეობასთან დაკავშირებით სადღაც შეცდომა მოხდა და გავერკვევით, რა მოხდა
ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ჩემთვის გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, გაეკეთებინა იმ სოციალური პროტესტის პროგნოზი, რომელიც პანკისის ხეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ, რა მოხდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული უფლებამოსილება და ვალდებულება ჰქონდა, პანკისის ხეობაში ყოფილიყო იმდენი ძალით, რამდენითაც იქნებოდა საჭირო.
„რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად – როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს, გადაცდომის ფარგლები სად იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ჩემთვის გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, გაეკეთებინა იმ სოციალური პროტესტის პროგნოზი, რომელიც იქ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ, რა მოხდა. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კონკრეტულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა. ამაში თუ დაგვეხმარებით, მადლობას გეტყვით. მინდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში სრული კონტროლის ქვეშ დააყენოთ ეს პროცესი, ოღონდ პოზიტიური კონტროლის ქვეშ. ისე კი არა, რომ აი, ამ ტრიბუნიდან ჩიხში შეგვიყვანოთ და ის გვითხრათ – რას იზამთ ახლა, დაიჭერთ 100 ადამიანს, თუ არ დაიჭერთ? მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორიც არის ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეების ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.