გიორგი გახარია - ყველაფერი გავაკეთეთ სწორად და იმისთვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა
რთულია, მსგავსი გლობალური გამოწვევების პირობებში 6 თვე გაიარო ისე, როგორ ჩვენ გავიარეთ – ჩვენმა მოქალაქეებმა, კლინიკურმა ჯგუფმა, ეპიდემიოლოგებმა და საბჭომ, ეს იყო 24-საათიანი მუშაობა და ეს გრძელდება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ გამოიწვია ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მთავრობის მოდუნებამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ დღეს კლინიკური ჯგუფი და კლინიკების ხელმძღვანელები მომენტალურად შეიკრიბნენ, როგორც კი საჭირო გახდა, აჩვენებს, რომ არავინ მოდუნებულა.
„პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად და იმისთვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა. ჩვენ ხალხთან კავშირი გვაქვს, მათ შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ. დღესაც ვხვდებით, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. აქ არ არის ვინმეს მოდუნებაზე საუბარი, არც მთავრობის, არც მოქალაქის. არამედ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.