გიორგი გახარია - ოთხწლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა ისტორიული მიზნისთვის, რომ შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში
ამ წლის და საერთოდ ოთხწლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების განსახორციელებლად – შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა ამავდროულად ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვშრომობთ.
„ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ მიღწევების შემდგომ, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ელოდება, ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ, თქვენს 2021 წლის სამუშაო გეგმაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შემდგომ გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დავაახლოოთ ყველა განზომილებაში, მათ შორის, ფიზიკურ განზომილებაშიც საქართველო ევროპასთან – ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ყველა მიმართულებით. ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა უკვე იყოს მზად, სულ უფრო და უფრო უნდა დავაახლოოთ სტანდარტები და ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.