გიორგი გახარია - ოპოზიციიდან ბევრი გაფორმდა მედიაში, რათა „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საშვის მოსაპოვებლად გაფორმდნენ მედიაში და როგორც ჟურნალისტებმა, საშვი მიიღეს.
„ახლა მოგიყვებით ერთ სახალისო რაღაცას, პარლამენტში ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა – ანგარიშის წარდგენა. ე.ი., ამ ოპოზიციამ, რომელსაც მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, ოპოზიციას და ოპონირებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ეს არის განვითარების ერთადერთი გზა იმიტომ, რომ კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია, პირველ რიგში – პროგრესის. „ჯიგრულ პონტშიო“, გახარიამ თქვა კორუფციაზეო, სინამდვილეში, ვთქვი საშვის დაშვებაზე.
ახლა, ეს ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი ბევრი მათგანი, რომელიც იმ დროისთვის რომ საშვი მოეპოვებინა, „ჯიგრულ პონტში“ წავიდა, მედიაში გაფორმდა, როგორც ჟურნალისტმა მიიღო საშვი და მოძრაობდნენ“,- განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, ფარცხალაძეზე რატომ არ დაუშვით „ჯიგრულ პონტში“ საშვი, გახარიამ უპასუხა, რომ ფარცხალაძე დაჯარიმებული იყო.
„იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის ასეთი ქმედებები, ნაბიჯები არის უკიდურესად მიუღებელი, ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღმდეგება. აღარ ვუთხარი იქ, უბრალოდ არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო. ბევრი მათგანი, იქ რომ ისხდა, ხელზე დაიხვიეს და რაღაც ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში, რათა ჯიგრულ პონტში აეღოთ ნებართვა და შემდეგ ქალაქში კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“,- განაცხადა გახარიამ.