გიორგი გახარია ოპოზიციაზე – ადამიანები ქვეყანასა და მოქალაქეს ჰპირდებიან იმას, რაც კარგად იციან, რომ განუხორციელებელია ან რასაც სრული კოლაფსი მოჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
„ჩავიხედეთ ჩვენი ოპოზიციის პროგრამაში. რატომ არ ახორციელებთ ჩვენს პროგრამასო. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა განვახორციელოთ ოპოზიციის პროგრამა და გეტყვით, რატომ არ ვახორციელებთ. „ევროპული საქართველოს“ ღონისძიებებია – ოთხი თვით საშემოსავლო გადასახადის განულება, აქციზის შემცირება. ოთხი თვით საშემოსავლო გადასახადის განულება, შემდგომ 10 %-ით შემცირება ნიშნავს ბიუჯეტისთვის მინუს 1.7 მლრდ-ს, აქციზი – 150 მლნ, ქონების გადასახადი – 400 მლნ და ა.შ. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ეს პარტია გვთავაზობს გადასახადების შემცირების ნაწილში, ბიუჯეტს აკლებს 4.2. მლრდ-ს. ამის შემდგომ, იგივე პარტია გვთავაზობს დამატებით ღონისძიებებს, დახმარებისა. აქ არის 50% ხელფასი, 400 ლარი და კიდევ ბევრი რამ. საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ, მათი ეკონომიკური გეგმით, უფრო სწორედ სურვილებით, ბიუჯეტს უფორმირდება მინუს 1.6 მლრდ. რაც 14%-იან საბიუჯეტო დეფიციტს ნიშნავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ვისაც ეკონომიკა ესმის, მან კარგად იცის, რომ ეს დეფიციტი ნიშნავს ქვეყანაში მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის დაკარგვას.
„ვისაც ეკონომიკა ესმის, მან კარგად იცის, რომ ეს დეფიციტი ნიშნავს. უბრალოდ, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის დაკარგვას ქვეყანაში. ამ პირობებში, არათუ რაიმე დამატებითი სახსრების მოძიება დონორებისგან, საერთოდ, შეუძლებელი იქნება მიმდინარე ხარჯების მომსახურება. ჩვენ როდესაც ჩვენს პროგრამას ვათანხმებთ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისეთი ღონისძიება, რომლის ღირებულება ბიუჯეტისთვის შეიძლება იყოს 10 მლნ, 5 მლნ, ყოველთვის განსჯის და მსჯელობის საგანია, რადგან ბიუჯეტს ყოველთვის თავისი პარამეტრები აქვს. იმ ღონისძიებებით, სურვილებით, რომლებსაც ბატონები გვთავაზობენ, გარდა იმისა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაკარგვა ემუქრება ქვეყანას, საერთოდ კურსის თემა უპროგნოზო ხდება. მარტივი გათვლებით, სადღაც მაისში კოლეგები ვერ მოემსახურებოდნენ საპენსიო გადასახადებს, ზუსტად ერთ თვეში ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის, ვერც ხელფასებს გადაიხდიდნენ. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ რისკის ქვეშ დგება ჯანდაცვის სისტემა, მიმდინარე ოპერაციები ჩვენი მოქალაქეების. ამას ვერ მოემსახურებოდა ბიუჯეტი და შემდეგ მიადგებოდნენ საპენსიო ფონდს, რომელსაც არ იციან რა უყონ, 772 მლნ ვერ მოუნელებიათ, რომელიც დევს, როგორც სტაბილურობის ფონდი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხანდაზმულობის პერიოდში, უკვე ყველა ზღვარს გავიდა მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან“,- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ყველაფერს შემდგომ მოჰყვებოდა სრული კოლაფსი და, სწორედ, ეს არის ოპოზიციის ეკონომიკური გეგმა.
„რეალურად რასთან გვაქვს საქმე – ეს არის გეგმა. აბსოლუტურად არარეალისტური სურვილების გეგმა, რომელიც მიმართულია, რომ ადამიანებმა პოლიტიკური ქულები აკრიფონ, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ეკონომიკურ გამოწვევებს. დღეს, საქართველოს ბიუჯეტი არის ნაერთი ბიუჯეტი – 16 მლრდ ლარი. აქედან 1/3, ცოტა მეტი ხმარდება სოციალურ ხარჯებს. კოლეგები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ გადასახადები და ამ გადასახადების გაუქმების ფასი არის 4 მლრდ 200 მლნ ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე ბიუჯეტში, შემოსავლების ნაწილში, ბიუჯეტი ვერ მიიღებს საგადასახადო შემოსავლების სახით 1 მლრდ 800 მლნ ლარს და შემდგომ კი უტიფრად, მათი სიტყვაა, მე არ მომიგონებია, პირდებიან, ტყუილს ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ ჩვენ გადაგიხდით 50%-ს ხელფასისას, რომელიც დაკარგეთ და ა.შ. ასე ფორმირდება დაპირებები, რომლის ფასი არის 6 მლრდ 100 მლნ. დავუშვათ ეს თანხა მათ მართლა დონორებისგან მოიძიეს, რაც უბრალოდ შეუძლებელია და წარმოუდგენელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი გაცდება ისეთ ციფრებს, რომ ყველანაირ პერსპექტივაზე არა თუ ეკონომიკის, ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ყოფის, გადახაზულია. იმ პირობებში, რომ საქართველოს ბიუჯეტი – 16 მლრდ, ყველა პროგნოზით, კრიზისის გამო კარგავს 1 მლრდ 800 მლნ-ს, ეს ბატონები გვპირდებიან, რომ ჩვენ საბიუჯეტო შეღავათები უნდა გავაკეთოთ კიდე 4 მლრდ 200 მლნ-ით და ზემოდან კიდე მოქალაქეებს პირდებიან არარეალისტურ დახმარებებს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ეს არის ელემენტარული არითმეტიკა და მარტივი ციფრები.
„დავუშვათ, მიაჩნიათ, რომ ეს სწორია. ჯერ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, გვაქვს მოულოდნელი კრიზისი. თუ ვინმეს ეკონომიკა ოდნავ გაგეგებათ, ესაა მოულოდნელი კრიზისი და მეუბნებით, რომ კრიზისის დროს, რომელიც ექსტრემალურად გლობალურია, შევამცირო გადასახადები, რომელთა შედეგებსაც ეკონომიკა იგრძნობს 2 წლის შემდეგ, კარგ შემთხვევაში. ელემენტარული არითმეტიკაა, ხომ არ ვითხოვ უმაღლეს მათემატიკას და ხომ არ ვითხოვ ყველასგან, რომ ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული და მაკროეკონომიკური განათლება მიღებული. მარტივ ციფრებს გეკითხებით. ადამიანები, დღეს ქვეყანას და მოქალაქეს ჰპირდებიან იმას, რაც ძალიან კარგად იციან, რომ განუხორციელებელია, ისინი მზად არიან შევიდნენ ისეთ რისკებში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, როცა თვეების მიხედვით გვაქვს ეკონომიკური მოდელის სახით დათვლილი – მაისში ვერ გაიცემოდა პენსიები, ერთ თვეში ვერ მოემსახურებოდნენ პოლიციის, ექიმების, მასწავლებლების ხელფასებს, ვერ მოემსახურებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას და ქვეყანაში გაჩერდებოდა მიმდინარე ოპერაციები და ამას შემდგომ მოყვებოდა სრული კოლაფსი. ეს არის ის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც კოლეგები გვთავაზობენ. თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის და ხედავს, რა არის ფასი იმ პოლიტიკური დაპირებების, რომელიც გაიცემა,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.