გიორგი გახარია - ოპოზიციას, რომელიც დავით გარეჯზე პროვოკაციულ კითხვებს სვამს, ამ საკითხის გამწვავებაში დიდი წვლილი მიუძღვის
ოპოზიციას, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე პროვოკაციულ კითხვებს სვამს, ამ საკითხის გამწვავებაში დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ, დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ.
„დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ. ზუსტად იმ ოპოზიციას, რომელიც პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი მიუძღვის საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვან. რაც შეეხება სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ნოღაიდელმა, ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, მით უმეტეს, რომ ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება რაღაც სიახლე. არანაირი შეზღუდვები გამოძიებას არ ექნება. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.