გიორგი გახარია ოპოზიციას - რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება ადამიანების ტრაგედიით სპეკულირება, მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი, პოლიტიკური კულტურა, მორალური ფასეულობები
გიორგი გახარია ოპოზიციას - რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება ადამიანების ტრაგედიით სპეკულირება, მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი, პოლიტიკური კულტურა, მორალური ფასეულობები

მძიმეა აღიარება, გათვითცნობიერება, რომ დღეს, როცა ქვეყანაში რეალური კრიზისია, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, როდესაც ეკონომიკური კრიზისია, ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ ვსაუბრობთ ისევ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ცოტა ემოციური მომენტებიც არსებობდა, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, დიდწილად, მე, არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველას მწუხარება გვალაპარაკებდა. ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა კურდღლები რატო დაგვიძეხაო, როდესაც დღეს აქ არ არიან, ამ წუთში აქ არ არიან. პარლამენტის წინაშე მოვედით, ეს ჩვენი მოვალეობაა, პატივს ვცემთ პარლამენტს, ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, მაგრამ არც ერი შეკითხვა ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არ ყოფილა. ეს ხომ არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებაა, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, სამუშაო დაკარგეს, ბევრს ოჯახში შემოსავალი დააკლდა, ბევრს სესხები აქვს, ამ თემებზე სასაუბროდ მოვედით და არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდში ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ტრაგიკულია, სხვა ყველაფერს თავის რომ დავანებოთ. ამის მაგივრად რა იყო, ამის მაგივრად იყო გავრილოვი, იყო 20 ივნისი, ხორავას, კერზაისას ტრაგედიების გახსენება. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოპოზიციას, მმართველს, აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს თავისი სუბიექტური ან ობიექტური შეფასება, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საბედნიეროდ. მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა და ყველაზე ტრაგიკული ამაში ის არის და მორალურად ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კონკრეტული მოქალაქის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყოს პოლიტიკური სპეკულირების საგანი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, გასაგებია, რომ პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება მოახდინო საპარლამენტო დარბაზში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ამის უკან დგას ადამიანების ბედი.

„შეიძლება ეს არ იყოს მთლად კორექტული, მაგრამ პერსონალურად ჩემთვის, დღეს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ინფიცირდებიან, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, თუ ქვეყანაში, ცალკე აღებულში გახსნა მოხდება ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, არსებობს ეპიდემიის აფეთქების რისკი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ეკონომიკურ კრიზისამდე, ეს ხომ თითოეულ ადამიანს ეხება. როცა ამ ყველაფრის ფონზე ადამიანები იქცევიან ასე, ეს შეიძლება დეზერტირობის ტოლფასიც იყოს. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მესმის, რომ რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება მოახდინო საპარლამენტო დარბაზში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. გავიგე, ეს მარტივია, მაგრამ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ამის უკან დგას ადამიანების ბედი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, უბრალოდ ელემენტარული მორალური ფასეულობები,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ დასკვნით სიტყვაში, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.