გიორგი გახარია - ოპოზიცია ტყუილად ელოდება, რომ წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს
ოპოზიცია ტყუილად ელოდება, რომ წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დიალოგი ყველა მხარის ვალდებულებაა, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს.
„დიალოგი პერსპექტივა კი არა, ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ დაგვაკისრა. მე შეიძლება ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი უფრო მომწონს, ან შეიძლება ვიღაცა არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმოდეს, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე? საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში უნდა იჯდეს ეს ხალხი. ხალხმა როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, ასევე მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა. ამიტომ ყველამ ეს პასუხისმგებლობა უნდა გაათვიცნობიეროს. დიალოგი არის ვალდებულება, რისი გააზრებითაც ვმოქმედებთ ჩვენ“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ ამ გამოწვევებისა და ასეთი ოპოზიციის პირობებში მათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა მოუწევთ.
„ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნისთვის პრობლემაა. თქვენ რასაც ამბობთ – გაუძლებთ? გაზაფხული რომ მოვა, ეკონომიკური კრიზისს გაუძლებთ? ეს ამორალურია, ხალხო. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავუძლოთ. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ არ შემოვა პარლამენტში და დიალოგის ჩაშლისკენ იქნება ორიენტირებული, რადგან ვიღაცა რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია ეს. თითოეულ ადამიანს ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან – ყველას კარგად ესმის, რომ ამ გამოწვევების წინაშე და ასეთი ოპოზიციის პირობებში ვალდებული ვიქნებით, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე, ორჯერ მეტი ვიშრომოთ და ორჯერ მეტ ადამიანს გავცეთ პასუხი. როდესაც საუბრობენ წარმოუდგენელ სცენარებზე და იმედი აქვთ, რომ ეს სცენარები მიიყვანენ მათ რევოლუციურ განვითარებამდე, ტყუილია ეს, ტყუილად ელოდებიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი