გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე - ყველა კომპანიას, რომელიც დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს მუშაობა
მოთხოვნა არის, დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.
„დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე – ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ, პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.