გიორგი გახარია ომის ვეტერანებს - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომი აღარასოდეს იყოს, შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა და გამთლიანება
გიორგი გახარია ომის ვეტერანებს - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომი აღარასოდეს იყოს, შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა და გამთლიანება

დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს.

მთავრობის მეთაური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა.

„მეხუთე წელია, რაც ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, ბევრია კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ სანამ კონკრეტულ პრობლემებზე, საქმეზე ვისაუბრებდეთ, მწუხარება უნდა გამოვთქვათ იმ გმირების მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან. აბსოლუტურად სრული გულწრფელობით გეუბნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქვეყნის ისტორიას და რომელთა ხსოვნაზეც ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა განაგრძონ ქვეყნის შენება. არაფერი გამოგვივა, თუ დავივიწყებთ, საიდან ვართ, რა ტრადიციებიდან მოვდივართ და რა არის ჩვენი კულტურული იდენტობა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს – ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე პატივისცემით, რომლებიც დღეს ჩვენთან აქ არ არიან. დღეს მე აქ ვხედავ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის საამაყო, ღირსეულ სახეებს და ერთადერთი, რასაც უნდა დავპირდეთ ერთმანეთს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის მიზანი, პირველ რიგში, იმ ხსოვნის წინაშე, რომელიც იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენთან ერთად აქ არ არიან. მინდა მათ მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს მივულოცო ეს დღე და დაგპირდეთ, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის, რისთვისაც ამ ხალხმა თავი დადო, დღეს იქნება, ხვალ იქნება, მაგრამ ეს დღე მაინც დადგება და ჩვენ ყველამ ეს დღე უნდა ვიზეიმოთ,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრებოდნენ.