გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაამტკიცებს, რამდენად არ ეშინიათ სამართალდამცავ ორგანოებს რეფორმების წარმოჩენის
პირველი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას, წარმოაჩინოს რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც დღეს ხდება პოლიციასა და პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც იქნება ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერმა მეგობარი ქვეყნების ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმირების დიდი გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.
„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და სახელმწიფო ინსპექტორი ეს იყო ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დემოკრატიული რეფორმირების, რომელზეც ჩვენ ყველა შევთანხმდით და გარკვეული ძალისხმევის შემდგომ გადავდგით ეს ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ინსპექტორის სამსახური დღეს აღჭურვილია საგამოძიებო ფუნქციებით.
„საქართველოს სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ პირველი ნოემბრიდან, როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ასევე, წარმატება ვუსურვო ამ ახალი სამსახურის ახალ თანამშრომლებს, რომელთაც მართლაც დიდი მისია აკისრიათ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის საგამოძიებო ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია ახალი სამსახური, იქნება დიდი არგუმენტი უახლოესი წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, პირველი ნოემბრიდან ეს სამსახური ყველას დაუმტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი და რამდენად არ ეშინია მართლმსაჯულების სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ, ღიად და წარმოაჩინონ ის რეფორმები და ცვლილებები, რომელიც დღეს ხდება პოლიციაში, პროკურატურაში, ყველა იმ უწყებაში, რომელიც იქნება ამ ორგანოს ძირითადი პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.