გიორგი გახარია - ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოწვევებით სავსე, დიპლომატიისთვის არა, საერთოდ, ადამიანის ქცევისთვის, სოციალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ახალ პირობებში, რამდენად შევძელით და შევინარჩუნეთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დედაქალაქებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა და მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, არ მივცეთ არავის იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა – ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.