გიორგი გახარია - „ნამახვანზე“ ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და მაშინ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი
გიორგი გახარია მედიასთან შეხვედრაზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნამახვანის“ მშენებლობაზე ხელშეკრულება იმ დროს გაფორმდა, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
„ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო, როდესაც გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში იქნა მიღებული და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი”, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიას განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით, ყველაზე რთული კონტრაქტი არ არის და ჰესებზე სახელმწიფოს მიერ დადებული უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს.
„ნამახვანჰესის“ კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს კარგია, თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის აპრილში და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში საერთოდ არც მახსოვს. ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარა. აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება, პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული. მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ, პრობლემა აქ არის კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა, არ დალაგდა, ეს პრობლემა იქნება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.