გიორგი გახარია - ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო
ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ფეისბუქზე“ წერს. გახარია ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს განსაკუთრებით ვეტერანებს ულოცავს.
„1950 წლის 9 მაისს, რობერტ შუმანმა დეკლარაცია წაიკითხა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ ევროპელები მშვიდობიან, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კონტინენტზე ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის და ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების დაცვის საუკეთესო გზა სწორედ ერთიანობაზე გადის. ჩვენი საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება!
გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს უძვირფასეს ვეტერანებს. პატივს მივაგებთ საქართველოს იმ 300 000 შვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში“,- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.