გიორგი გახარია - ნაბიჯები, რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს
მთავრობის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა, რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ნაბიჯი რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან.
„ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები, რაც გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის – ჩვენ მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა. რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობს, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაციით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. დღეს ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას ეფექტურად იყოს ათვისებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.