გიორგი გახარია - მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი
თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.
გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის, რომ მთის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გამოყენება ყოფილიყო გაადვილებული, შეიქმნა სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში.
„სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები მთის მოსახლეობისთვის გაძლიერებულია. მოთხოვნებიც შემცირებულია – შეღავათებია მოთხოვნების ნაწილში. თვითონ მთის კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი რამე პირიქით, გაძლიერებულია. თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში. იმისთვის, რომ არა მხოლოდ მთის, არამედ, რეგიონებში ადამიანებისთვის ამ პროგრამების გამოყენება გაგვეადვილებინა, გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.