გიორგი გახარია მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
გიორგი გახარია მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი უწყებები დგამენ.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10 პროცენტს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგად წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის  განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე – საგზაო ინფრასტრუქტურა  – დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.

„შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.