გიორგი გახარია - მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო დავზიანდებით
მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო დავზიანდებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარია განაცხადა.
გახარიამ ჟურნალისტებთან ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიის აუცილებლობაზე ისაუბრა და დეოკუპაციის მიდგომის ნაწილად დებორდერიზაცია დაასახელა, რაც მისი თქმით, პოლიტიკურ სივრცეში ახალი საკითხია.
„პრემიერ-მინისტრობის დროსაც ჩვენ უკვე გვქონდა კონკრეტული გეგმა და უკვე შექმნილი და დაწყებული გვქონდა კომისიის შექმნის პროცესი, რომელსაც სჭირდება დეოკუპაციის გეგმა. შეუძლებელია ოკუპირებულ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, არ ჰქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ყველაფერზე. პირველი, რაც გასაკეთებელია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, როგორია საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია. ამ დეოკუპაციის სტრატეგიის ერთი პატარა ნაწილი უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს დებორდერიზაციის გეგმა, რადგან ჩვენ ხიდებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ მედიასთან.
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარება მტერთან საუბრის გარეშე შეუძლებელია და ამ საკითხის გადავადებით საქართველო მხოლოდ დროს აგებს.
„ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას, მტერსაც უნდა ველაპარაკოთ, ჩვენი სალაპარაკოა ეს. არავინ ჩვენს მაგივრად არ დაელაპარაკება ოკუპანტს. ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით, მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია. რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით. რაც უფრო დროულად დავიწყებთ ფიქრს, როგორ დავალაგოთ, როგორ ვესაუბროთ ოკუპანტს და ჩვენი ქვეყნის მტერს. დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარდა ამას არავინ არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.