გიორგი გახარია - მთელი მსოფლიო ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, შემოდგომამდე თითოეული თვე უნდა გამოვიყენოთ, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა უხდის.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო დღეს ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ემზადება და შემოდგომამდე თითოეული თვე უნდა იყოს გამოყენებული, რომ ქვეყანა ამას მომზადებული შეხვდეს.
„მინდა, თითოეულ თქვენგანსაც მადლობა გადავუხადო, რადგან ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო, არაფერი დასრულებულა. ჩვენი ძირითად ამოცანა ახლა გახლავთ შემდგომში, რომ არაერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა, გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული თვე, ზაფხულის თვე შემოდგომამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებული, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, უკვე გაჩნდა ასეთი ლექსიკა, პირველი ტალღის ეტაპზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში.
„ჩვენთვის არაფერი იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და გვემატება პოლიტიკური პროცესზე და არჩევნებზე ზრუნვა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.