გიორგი გახარია - მთავრობისა და ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგად, საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება 700 მილიონის ოდენობის სავალუტო რესურსი, რომელიც უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას
მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს. მაგალითად, ლარის კურსი, რომელიც ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად, გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციებისა და უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე, სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობიდან.
„ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რადგან ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოეს პერიოდში, შემდგომი კვირისთვის, და ყველამ ერთად, ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.