გიორგი გახარია მთავრობის წევრებს მოუწოდებს, ყურადღება და კონცენტრაცია გააორმაგონ, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებს მოუწოდებს, ყურადღება და კონცენტრაცია გააორმაგონ, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს.
მისი შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თითოეულ მოქალაქეზე იზრუნოს.
„ერთმნიშვნელოვნად, ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, ჩვენი კონცენტრაცია, ვინაიდან ყოველდღიურად ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ პოლიციელზე, თითოეულ მედიკოსზე, რიგით მოქალაქეებზე. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და მიუხედავდ იმისა, ვინც უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებით სახელმწიფოს ბლოკირებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი შესაძლოა, მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, ასევე ქუჩაში, მაგრამ აუცილებელია, ეს ხდებოდეს კანონის სრული დაცვით.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი არის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, მიმდინარეობდეს პარლამენტში. შესაძლოა, ის მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც სრულდება, ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ დესტრუქციული ქმედება გადავიდეს ბიუროკრატიაზე.
„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და ეს ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რომელიღაც ასეთი დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, სახელმწიფო მოხელეები უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტიანები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.