გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ბიზნესმენებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადეს, არ აქვთ ინფორმაცია, რა საკითხების განხილვა იგეგმება შეხვედრაზე. რაც შეეხება მათი მხრიდან გასახმოვანებელ მოთხოვნებს, გარკვეული მათგანი ეკონომიკის სრულად გახსნის მომხრეა, ნაწილი კი გადაადგილების აკრძალვას ღამის 00:00 საათიდან მოითხოვს. ასევე, სურთ ვაქცინაციის პროცესში ბიზნესიც იყოს ჩართული.
„როგორც ვიცი, სავარაუდოდ ეკონომიკურ გუნდთან და პრემიერთან არის შეხვედრა. რას ემსახურება, არ ვიცი. ალბათ, ინფორმაციას მივიღებთ, დავალებებს მივიღებთ შესაბამისს. დღეს გავიხსენით. დანარჩენს შევალთ, გავიგებთ. თუ რამე დამატებითია კიდევ, რაც უნდა განვახორციელოთ, როგორც ბიზნესმა, თანახმა ვართ და მზად ვართ ყველაფრისთვის. ერთადერთი თხოვნა იქნება, ყოველთვის ვამბობთ ამას და ალბათ ამ დახმარებასაც მიიღებენ მეწარმეები, რომლებსაც ეს პერიოდი ჰქონდათ გაჩერებული, გარკვეული ხარვეზები ჰქონდათ ბანკებთან და ეს ვთხოვეთ ჩვენ. სავარაუდოდ ეგეც გადაწყდება. რაც შეეხება შაბათ-კვირას, ძალიან მძიმე თემაა. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე წამოგვეწევა, მთავარია გავიხსენით“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ.
„აისირაის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა აზარაძის განცხადებით, მთავარია, გადაადგილებაზე შეზღუდვა ღამის 00:00 საათიდან დაიწყოს.
„ინფორმაციას, რასაც ვფლობ, პრემიერ-მინისტრმა ჩანიშნა შეხვედრა ბიზნესთან. ორი მნიშვნელოვანი საკითხია – კომენდანტის საათმა უნდა გადაიწიოს ღამის 00:00 საათიდან და ვაქცინების საკითხი. ჩვენი კომპანია ემხრობა, რომ ბიზნესი იყოს ჩართული და კომერციული ვაქცინაცია დაიწყოს“,- განაცხადა აზარაძემ.
ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ეკონომიკა მთლიანად უნდა გაიხსნას.
„ჩვენი მხრიდან რა საკითხის დაყენებას ვაპირებთ, გეტყვით. ეს ეხება ეკონომიკის გახსნას. ძალიან კარგი ნაბიჯებია ამ მხრივ გადადგმული, რაღაც მოსაზრებები გვაქვს და ვიტყვით. ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის კონცენტრირება ეკონომიკაზე და ბიზნესზე. აქამდე ყოველთვის ვიძახდით, რომ ეპიდვითარებას ვაკვირდებოდით, ეს იყო ჩვენი აპრიორი. მაგრამ დღევანდელი, ამ მხრივ კარგი სიტუაციის გამო, ვფქრობ, რომ საბოლოო ჯამში უნდა გაიხსნას მთლიანად ეკონომიკა“,- განაცხადა ფხაკაძემ.