15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში  – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი შესვლა და გასვლა იყოს აკრძალული 10 დღით,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია, სამწუხაროდ, მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ადამიანი ინფიცირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი.

„ამიტომ, ამ გაურკვევლობის ზონაში მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე დღეს მინდა გაცნობოთ, პირველ რიგში, თქვენ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ 15 აპრილიდან 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.