გიორგი გახარია - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი
გიორგი გახარია - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გასული წლების განმავლობაში ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამავე დროს აღნიშნა, რომ მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც.

„გასული წლების განმავლობაში ძალიან დინამიკური თანამშრომლობა გვქონდა პრაქტიკულ დონეზე, მე ვგულისხმობ წვრთნებს. 2019 წელი შესანიშნავი იყო ჩვენთვის ამ მიმართულებით. ამავე დროს, გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში.  ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოებას ვხედავთ, როგორც შესაძლებლობების ფანჯარას, ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„რა თქმა უნდა, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის და გამოვხატავთ ვალდებულებას, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი, ასევე იქნება შემდეგი ნაბიჯი ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის პოლიტიკურ განზომილებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.