გიორგი გახარია - მთავრობა მუშაობს მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, რათა პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური
ბიზნესგარემო ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ძირითადი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ბიზნესგარემო ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ძირითადი მიზანი. ქვეყანას გააჩნია სტრუქტურული ეკონომიკური ნაკლოვანებები და პირველ რიგში, ეს არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება. ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს ძირითადი, ინდუსტრიალიზაცია უნდა იყოს ძირითადი, ტრანსპორტი არ უნდა იყოს ძირითადი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური პანდემიიდან, რეალობა საერთოდ შეცვალა, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, რათა პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური.
„ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ ეკონომიკურ შესაძლებლობად. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ამიტომ, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.