გიორგი გახარია - მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველაზე აქტუალური საკითხი
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველაზე აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ში რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს სტრატეგიული, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, იქნა განხილული მდგომარეობა საქართველოში. საკითხი, რომელიც ეხებოდა 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციას რუსეთი მიერ. კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მინდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ევროპელ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის.
გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში იყოს ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი, მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია“,- განაცხადა გახარიამ.