გიორგი გახარია - მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად
მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„არის ასევე საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან საკუთარ თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად. სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზასა და წყაროში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ, როცა ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება მოხდება, გაუწიოს მათ ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი 75 მილიონი ლარი იქნება.