გიორგი გახარია - მთავარი პრიორიტეტები გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა, ქვეყნის ეკონომიკა, მარაგების მართვა და ლოგისტიკა, სამოქალაქო წესრიგი
პირველი პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა, მეორე – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მესამე პრიორიტეტია ქვეყანაში მარაგების მართვა და ლოგისტიკა, ხოლო მეოთხე პრიორიტეტი არის სამოქალაქო წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი ამ პრიორიტეტების მიხედვითაა დაყოფილი.
გიორგი გახარიას განცხადებით, გამოყოფილი არიან პასუხისმგებელი ადამიანები და შესაბამისად, მთავრობა მოქმედებს ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა ყველა ამ ოთხი პრიორიტეტის მიხედვით მოქალაქეები თანაბრად დაცულნი იყვნენ.
„ჩვენ ვმართავთ პროცესს, რათა პიკი იყოს მართვადი. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცოტა პლატოს მაგვარი. ეს ის პროცესია, სადაც ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა. როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ყველა ხომ ვხვდებით, რომ გლობალურად სამყარო შეცვლილია, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ტრანსფორმაცია მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების შედეგად. როდესაც ვსაუბრობთ მსხვერპლზე, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენ ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ პოზიციების აღდგენა, რომლის დაკარგვაც მოგვიწევს. ახლაც ვხედავთ, ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შესუსტებული. ამიტომ, ვცდილობთ ჩვენ დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი. ეს მარტივი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ, ამას რა ფასი ექნება. ეს რომ დასრულდება, ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სად იქნება. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მთავრობას შესაძლოა მოუწიოს კარანტინის გამოცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია.
„ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ გამოვიწვიოთ პანიკა და ის, რაც გვქონდა, მაგალითად, შაბათ-კვირას, გაჩნდეს აბსოლუტურად აუხსნელი მოთხოვნილება ელემენტარულ პროდუქტებზე და მივიღოთ შედეგად ის, რომ პანიკური პროცესები შეგვექმნას ორ დღეში, რომლის საფუძველიც საერთოდ არ არსებობს. მარაგები არის საკმარისზე მეტი და ქსელებთან გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. რეალურად, ორ დღეში დადასტურდა, რომ პანიკური მოთხოვნების საფუძვლები არ არსებობდა. ისევე, როგორც გავიგე, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული მდგომარეობის გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრულად ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვა. თუ ჩვენი თანამშრომლობა კომპანიებთან, ბიზნესთან, სამოქალაქო სექტორთან, სახელმწიფოსთან იქნება ეფექტური, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ იგივე შედეგი, ოღონდ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქვეყანას. როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირთადი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა. ყველას კარგად გვესმის, რომ ამასაც მოვერევით, აქედანაც გამოვალთ და ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რათა რეგიონში, კონკურენტულ გარემოში, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები, რომელზეც ვიყავით. წლის ბოლოს და წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგად მივდიოდით. ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ქვეყანაზე, რათა ჯერ ვირუსს გავუმკლავდეთ და შემდგომ აღდგენის ეტაპები ყველაზე სწრაფად გავიაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.