გიორგი გახარია - მთავარი მიზანია, ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების შენელების თვალსაზრისით
მოგეხსენებათ, რომ სადღაც სექტემბერში ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, რა თქმა უნდა, მესამე ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო, რაც გახლავთ პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, მთავრობას გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწია.
„პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია და ეს კომპრომისები იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით ქვეყანაში, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ ტურამდე, მეორე ტურამდე და შემდეგ რა თქმა უნდა გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დაადასტურეს და დააფიქსირეს რამდენჯერმე ჩვენი ქვეყნის და ქალაქების სხვადასხვა ქუჩებში. დღეს ჩვენი, საქართველოს მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, ყველას ამოცანა გახლავთ, რომ ჩვენ საქართველო უნდა დავუბრუნოთ შედარებით ისე მაჩვენებლებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორიც გვქონდა აგვისტომდე და მოგეხსენებათ, რომ საქართველო ამ, პერიოდში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.
ჩვენ ეს ვალდებულება არ გვაქვს, ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტები ყველას კარგად გვესმის რაც არის, ეს გახლავთ პირველ რიგში – სრული ლოკდაუნი, მეორე ოფცია გახლავთ – არაფერს ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ვაგრძელებთ, ისე როგორც დღეს ვცხოვრობთ და მესამე ოფცია გახლავთ – უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე როცა ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების შენელების თვალსაზრისით. რა არის აქ პრინციპული და სისტემური სხვაობა პირველ ტალღასთან შედარებით. როდესაც ჩვენ პირველი ტალღის შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინ არავის მსოფლიოში წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით და კონკრეტული ღონისძიებებით.
ეს გეგმა გახლავთ დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახდა ეს გეგმა გუშინ ასე ხელმისაწვდომი ინტერნეტ-რესურსებში, როდესაც უბრალოდ ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც ბიზნესი, ისე ექიმები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მრჩევლებიც“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.