გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა და სხვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, თბილისის დროით, დღის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.